სს `თელასი" თბილისში დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში ელექტროენერგიის აღრიცხვისა და გადახდის სისტემის მოწესრიგების პროექტს აგრძელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" `თელასის" პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტი, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთობლივად ხორციელდება, სახელმწიფოს მიერ დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე ელექტროენერგიის ინდივიდუალური სააღრიცხვო სისტემების მოწესრიგებას გულისხმობს.
2010 წლის განმავლობაში პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული 7600 გასამრიცხველიანებელი აბონენტიდან `თელასმა" ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი 6450 დევნილ ოჯახს მოუწყო, რომლიდანაც 4295 ერთეული კომპანიის ერთიან მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა. მრიცხველების მონტაჟთან ერთად, შეიცვალა 6 კილომეტრამდე საერთო სიგრძის სხვადასხვა ტიპის ელექტროსადენი. აღნიშნული სამუშაოები კომპანიამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე კომპაქტურად განსახლების 55 ობიეტზე საკუთარი სახსრებით განახორციელა.
ელექტრომომარაგების ქსელის კეთილმოწყობის სამუშაოები სატრანსფორმატორო ქვესადგურებზე ამორტიზებული უჯრედების რეაბილიტაციას და მრიცხველების მონტაჟს ტექნიკური პროექტების შესაბამისად ითვალისწინებს. სადენების ბინებში შეყვანისა და ავტომატური ამომრთველების მონტაჟის სამუშაოებს სახელმწიფო აფინანსებს.
თბილისში მცხოვრები 9 ათას 600 დევნილი ოჯახისთვის გათვალისწინებულ სამუშაოებს `თელასი" 2011 წლის მაისამდე დაასრულებს.
პროექტის განხორციელება დევნილ მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და მისი საფასურის გადახდის საკითხს საბოლოოდ მოაწესრიგებს.