ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან.
"რამდენიმე საკითხზე გვქონდა კონცენტრაცია და რამდენიმე თემაზე გავამახვილეთ ყურადღება. საიას სახელით მე ელჩებს და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ეს არის პოლარიცაზია და გზები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პოლარიზაცია.
ვადამდელი არჩევნებია პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემაა, ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია. ერთადერთი, რაც მე ვთქვი არის ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, არის, ერთჯერადი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი ქმედებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის. ეს არის სასამართლო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯი“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.