არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რომელზე პასუხიც ყველას აინტერესებს.
“საზოგადოების მხრიდან კითხვები არსებობს და ცხადია, ტელევიზიამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს ყოველგვარი აჟიოტაჟის მოწყობისა და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობის გარეშე. არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რაზეც პასუხი ყველას აინტერესებს, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი საქმეზე სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს, რაც ყველა დაინტერესებული მხარის სურვილი უნდა იყოს. არ არის კარგი, როცა ყველა თემაზე პროვოკაციულ ტონალობაში, სპეკულაცია ხდება. ვინ ამბობს ტელევიზიაში შესვლასთან დაკავშირებით? არ შეიძლება, ყველაფერი იყოს პროვოკაციებისა და სპეკულაციების საგანი“, – განაცხადა მათიკაშილმა და აღნიშნა,რომ არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი.
„პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა და საზოგადოებას რაღაც ინფორმაციას აწვდის, ჩემი აზრით, ცრუს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საკითხი დადასტურებული იყოს, ამისთვის ტარდება გამოძიება. ასე ხდება ნებისმიერ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში“,- თქვა მათიკაშვილმა.