უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანაში ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები შემოვა.
"წერილობითი თუ დისტანციური შეხვედრების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც "ფაიზერის", ისე "ასტრაზენეკას" ვაქცინას. ორივე უნდა შემოვიდეს "კოვაქსის" პლატფორმის საშუალებით. უკვე უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რადგან მათი საშუალებით ხდება ვაქცინების მოწოდება. მათთან მოხდა შესაბამისი თანხის ტრანზაქციები ამ ორი ვაქცინის შესყიდვისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.