საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს და გავრცელებულ ფარულ სატელეფონი ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში მუქრის და დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
სოზარ სუბარმა შედარება გააკეთა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს მსგავსი შემთხვევებისას ბევრად მკაცრად ხდებოდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დანაშაულის ჩადენა და შემდეგ გაყალბება.
"რა აღიარებაზე და რა ავთენტურობაზე ლაპარაკობთ, მე არ მესმის. უმრავლესობის შეკრებაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. მე გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას გუშინდელზეც და არა მხოლოდ გუშინდელზეც. უბრალოდ ვიტყვი, რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის. არაადამიანურობა, არაცივილიზებულობა არის, როდესაც ერთის სიტყვის გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ პარლამენტის წევრს და ძლივს გადარჩა სიკვდილს ვალერი გელაშვილი. არაადამიანურობაა, როდესაც ერთი სიტყვის გამო იძახებენ კუდის მაღალჩინოსნებს, შს მინისტრის მოადგილე და კუდის მაღალჩინოსნები იტაცებენ, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აჰყავთ სასაფლაოზე, აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, ეს არის არაადამიანურობა. ამის შემდეგ, მთელი სახელწიფო მანქანა - პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ერთად აყალბებენ ამ საქმეს.
ადამიანურობა კი იცით რა არის, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, რომლებიც არიან 10-11, 12 წლის ბავშვები თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგი, შეტევა, მუქარა ხდება, არა მხოლოდ უცენზურო ლექსიკით, არამედ წამოუდგენელი, მე თქვენთან ვერ გავიმეორებ, რა ინფორმაციაც მაქვს, რაც ხდებოდა და ამის შემდეგ, ერთი ადამიანი ანზორ ჩუბინიძე მიდის ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, რამეს ხომ არ აპირებთ, ის ეუბნება, რომ არაფერს და მაშინ რად გინდა შვილო ეგეთ რამეს, რომ აკეთებ, წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ადამიანურობა და განსხვავება ორ ღირებულებასა და ორ სამყაროს შორის.
მკაფიო დანაშაულია, როცა ადამიანებს იწერენ უკანონოდ, ამაზე აღძრულია საქმე, დამნაშავეც დადგინდება და იმედი მაქვს, დაისჯება კიდეც. რაც შეეხება ავთენტურობას, ამასთან დაკავშირებით, წუხელ არ ყოფილა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ არის ათეულობით სხვადასხვა ჩანაწერი, საიდანაც ამოკრებილია სხვადასხვა სიტყვები, მათ შორის, არაცენზურული ლექსიკით გამოხატული და არის გაკეთებული ცუდი მოსასმენი ტექსტები, სხვა იქ მუქარასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული, დანაშაული ბუნებრივია ვერ იქნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.