ჩვენს პოლიტიკურ ძალებს ქვეყანა რომ ადარდებდეთ, კრიზისის შესაძლებლობად ქცევისთვის უნდა მუშაობდნენ, მაგრამ არ მგონია, რომელიმე მათგანი პირადი გამორჩენის გარდა, სხვა რამეზე ფიქრობდეს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპარლამენტში საქართველოზე გამართული დებატების მიმდინარეობისას სიმბოლურად შუქი ჩაქრა. დებატები ცოტა ხნის წინ დამთავრდა. ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველო არის აღმოსავლეთის პატრნიორობის ლიდერი და შიშობენ არ დაგვკარგონ. ამიტომ აამოქმედეს ყველაზე მაღალი დონის მექანიზმი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მედიაციის პროცესი.
მკაფიოა, ევროპარლამენტარების, ნაწილი მაინც ფიქრობს რომ რიგგარეშე არჩევნები დამოუკიდებლად, საარჩევნო კანონმდებლობის, მართლმსაჯულებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, მოკლევადიანი გამოსავალია. საჭიროა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიის მდგრად განვითარებას.
ახლა ჩვენი პოლიტიკური ძალები, ქვეყანა რომ ადარდებდეთ, ამ კრიზისს შესაძლებლობად ქცევისთვის უნდა მუშაობდნენ, მაგრამ არ მგონია რომელიმე მათგანი პირადი გამორჩენის გარდა, სხვა რამეზე ფიქრობდეს“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქში“.