თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„რა არ გამოვიარეთ, დარბევები, დაპატიმრებები, მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვა, ახალგაზრდებისათვის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ ამგვარი რამ, სკოლის მოსწავლეებს დაწესებული ტერორი უმაღლესი ხელმძღვანელების მხრიდან, ქართულ კი არა, მსოფლიო პოლიტიკური რეპრესიების ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ბავშვს გაუშვებ სკოლაში და ის დაგვიბრუნდება უვნებელი, ჯანმრთელი და ცოცხალი. ვფიქრობ, ყოველი წუთი ამ ფიგურების ხელისუფლებაში ყოფნის, არის უდიდესი საფრთხე სრულიად საქართველოსთვის. ამიტომ ველოდები რამდენიმე საათში განცხადებებს ღარიბაშვილისგან, ჩუბინიძისგან და ყველასგან, გადადგომის თაობაზე. სასწრაფოდ, ტექნიკური არაპარტიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.