შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის 1.9-ტრილიონიან ეკონომიკის სტიმულირების გეგმას.
სტიმულირების გეგმას 50-მა სენატორი მიემხრო, 49 სენატორი კი წინააღმდეგ წავიდა.
სტიმულირების პაკეტი მოიცავს 1400-დოლარიან პირდაპირ ფულად დახმარებას ამერიკელებისთვის, ფულად სახსრებს მცირე ბიზნესებისთვის, პირდაპირ დაფინანსებას შტატებისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებას და უფრო მეტ თანხას კოვიდტესტირებისა და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის.
სენატში კანონპროექტის განხილვისას მასში რამდენიმე შესწორება შევიდა, ამიტომაც იგი საბოლოო კენჭისყრისთვის კვლავ უნდა დაბრუნდეს წარმომადგენელთა პალატაში. მოელიან, რომ წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირას უყრის კენჭს ეკონომიკის სტიმულირების უმსხვილეს პაკეტს.
სენატში განხილვისას კანონპროექტიდან ამოიღეს მინიმალური ხელფასის საათში 7.50 დოლარიდან 15 დოლარამდე გაზრდის პუნქტი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წარმომადგენელთა პალატამ სწრაფად ვერ შეძლოს კანონპროექტის დამტკიცება, რადგან სენატში ზომიერი დემოკრატები კომპრომისზე წავიდნენ და სხვადასხვა ცვლილება განახორციელეს მასში, რაც შეიძლება მისაღები არ აღმოჩნდეს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების პროგრესული ფრთისთვის.
ზოგიერთი კონსერვატორი ეკონომისტი სტიმულირების პაკეტს ძალიან ამბიციურს უწოდებს და შიშობს, რომ მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის "გადახურება". მათ შეშფოთებას კონგრესში მრავალი რესპუბლიკელი იზიარებს. ისინი პრეზიდენტის გეგმას "ლიბერალური სურვილების სიას" უწოდებენ.
ეკონომიკის სტიმულირების გეგმა თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატამ 27 თებერვალს დაამტკიცა.