ტრაბზონი-ბათუმის ავტობუსიდან ქართველი მგზავრები სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს ავტობუსიდან ჩამოყარეს.
ინცინდენტი მოხდა ტრაბზონიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი საერთაშორისო რეისის ავტობუსზე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის სპეციალისტმა ბაქარ ძნელაძემ განუცხადა, 30 ოქტომბერს PRENSKALE TURIZM -ის კომპანიის კუთვნილი ავტობუსიდან მძღოლმა საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟოზე, თურქეთის ტერიტორიაზე ავტობუსიდან ისე ჩამოყარა, რომ დამატებითი განმარტებები არ მიუცია.
ძნელაძის განმარტებით, მას აქვს გადაადგილების პრობლემა, მაგრამ ამის მიუხედავად ინვალიდის ეტლით მყოფი პირის მიმართ PRENSKALE TURIZM -ის წარმომადგენლები განსაკუთრებით ულმობელად იქცეოდნენ.
"გადაადგილების პრობლემა რომ მქონდა, იმიტომ ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე და შესაბამისი ღირებულებაც გადავიხადე. მაგრამ მძღოლისა და კიდევ ხუთი ადამიანის თავხედობით, თავსხმა წვიმაში ავტობუსიდან ჩამომაგდეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბაქარ ძნელაძემ.
ძნელაძის თქმით, მძღოლმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, როდესაც არა მხოლოდ მე, არამედ სხვა მგზავრებიც საფუძვლიანად დავსველდით, ბათუმში გამგზავრება ტაქსით მომიწია", _ აღნიშნა ძნელაძემ.
კომპანია PRENSKALE TURIZM საქართველოში ბათუმის გარდა თბილისშიც ასრულებს რეისებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" შეეცადა კომპანიის წარმომადგენლებს ტრაბზონში დაკავშირებოდა (PRENSKALE TURIZM Trabzon Otogar Tel. No: 0462 325 66 67), თუმცა, ჩვენს ზარებზე კომპანიაში არავინ უპასუხა.