რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრად ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნეისნლი წარადგინეს.
კარინ კნეისნლის კანდიდატურა რუსეთის მთავრობამ წარადგინა.
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა და პუტინის მიმართ სიპმათიებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ მინისტრად ყოფნის პერიოდში, 2018 წელს კნეისნლის ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. ქორწილში კნეისნლმა პუტინთან ერთად იცეკვა კიდეც.
2020 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ კარინ კნეისნლიმ რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Russia Today-სთვის დაიწყო მუშაობა. გამოცემის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იუწყებოდა, რომ კნეისნლი საავტორო სვეტებს დაწერდა.
"როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრად ასევე წარდგენილია, საბჭოს მოქმედი წევრი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი.
გერჰარდ შრედერი 2017 წელს "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2020 წელს შრედერი კიდევ ერთხელ აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ.