დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მოციქულისა და მახარებლის ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა, მკვიდრი სირიის ანტიოქიისა, 70-თაგან წმიდა მოციქული, იყო თანამოღვაწე წმიდა პავლე მოციქულისა.
იგი მკურნალი იყო და ედესის განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა.
როცა ქრისტეს შესახებ შეიტყო, ლუკა მკურნალი პალესტინაში ჩავიდა და იქ შეითვისა სულის მაცხონებელი მოძღვრება თვით უფალ იესო ქრისტესაგან.
70 მოციქულთა შორის, რომელიც თვით მაცხოვარმა გაგზავნა ცათა სასუფევლის ქადაგებისათვის ჯერ კიდევ თავის ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ლუკა მახარებელიც იყო. თავის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკასა და კლეოპას გამოეცხადა.
მოციქული ლუკა მონაწილეობას იღებდა წმიდა პავლე მოციქულის მეორე მისიონერულ მოგზაურობაში და მას შემდეგ ისინი განუყრელად ერთად იყვნენ. როცა წმიდა პავლე მისმა ყველა თანამოღვაწემ მიატოვა, მოციქული ლუკა არ მოსცილებია მას და წმიდა პავლეს ყველა გაჭირვებას იზიარებდა. უმთავრეს მოციქულთა მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, წმიდა ლუკამ დატოვა რომი და სახარების ქადაგებით განვლო აქაია და ლიბია, ეგვიპტე და ფიბეიდა. ქალაქ ფიბაში კი მან მოწამებრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება.
საეკლესიო გადმოცემა წმიდა ლუკა მახარებელს მიაწერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას. წმიდა ლუკასვე ეკუთვნის უმთავრეს მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხატებიც.
თავისი სახარება წმიდა ლუკა მახარებელმა დაწერა 62-63 წლებში, რომში, თვით პავლე მოციქულის შეწევნითა და ხელმძღვანელობით. წმიდა ლუკამ ამ სახარების პირველივე მუხლებში ნათლად გამოხატა თავისი შრომის მიზანი: რაც შეიძლება სრულად და ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აღეწერა ყოველივე, რაც კი ცნობილი იყო ქრისტიანებისათვის იესო ქრისტესა და მისი მოძღვრების შესახებ, და ამით მტკიცე ისტორიული დასაბუთება მიენიჭებინა ქრისტიანული სასოებისათვის.
ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.