დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არანაირად არ უკავშირდება.
თამარ გაბუნიას თქმით, "კოვაქსმა" საქართველოს აცნობა, რომ "ფაიზერმა" დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გავაკეთო სტატუსის განახლება COVID-19-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის მზაობასთან და იმ ეტაპებთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე იყო განვლილი და უნდა გავიაროთ, მანამ სანამ, პირველი დოზები ქვეყანაში შემოვა. შესყიდვის პროცედურა არის სტანდარტული. როდესაც ჩვენ ველოდით "ფაიზერის" ვაქცინის ქვეყანაში შემოტანას თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ, "კოვაქსმა" გვაცნობა, რომ "ფაიზერის" მიერ არის დამატებითი მოთხოვნები, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებსაც ჩვენ, "კოვაქსი" ვერ გვატყობინებს. მომდევნო კვირაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც ეს პირობები დაზუსტდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.