"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი მისი თაობის პოლიტიკოსებს მოუწოდებს რომ ახალი თაობის ასპარეზის მისაცემად გვერდზე გაიწიონ:
"ამდენი წლის მერეც ელემენტარული სიმართლის შეხსენება მაინც საჭირო ყოფილა ზოგი წესიერი ადამიანისთვის:
2007 წ. 2 ნოემბრის გრანდიოზული აქცია არ იყო " არკადის" ან "გრეჩიხას" აქცია. 7 ნოემბრის დარბევა იყო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი არა მარტო მისი სისასტიკით, არამედ ცრუ ბრალდებით, თითქოს რუსეთის აგენტები ვაწყობდით ამ აქციებს და მოტყუვდა უამრავი ჩვენი გულშემატკივარი. თავს ნუ მოიტყუებთ ამდენი წლის მერე მაინც.
2008 წ. გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მერე, 13 და 20 იანვარს უზარმაზარი აქციები (რუსთაველი/ თავისუფლების მოედანი და იპოდრომი) ჩატარდა.
ბადრის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ "გრეჩიხაზე" ოთხჯერ ნაკლების ხმის მიღებისა და ბადრის გარდაცვალების მერე , არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად მთელი თბილისი იქ იყო. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 42 პროცენტი აიღო, მიშამ 30- ის მიდამოებში და ბადრიმ დაბალი ერთნიშნა.
ნიკა მელია, მაგალითად, იმ ასიათასიანი აქციების მონაწილე იყო. ვინც იქაც " გრეჩიხას" გამო არ ბრძანდებოდით, თქვენი უფლება იყო. მაგრამ დღეს ამით საკუთარი სიმართლის და გამჭრიახობის მტკიცება ღიმილის მომგვრელია, მეტიც - "აბა გრეჩიხა ჯობდა?" არჩევნების გაყალბების მიღების დოქტრინაა.
ევროატლანტიკური არჩევანის მომხრე იყო ოპოზიციის ამომრჩეველი 2008 წ. იანვრის პლებისციტზე, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის დეკლარირებული პოზიცია შედეგებში აისახა და რუსების აგენტებად თუ გავლენის აგენტებად მაშინდელი ოპოზიციის წამყვანი ძალების მიჩნევა შეცდომაში გაჯიუტებაა.
მომდევნო წლებში 7 ნოემბრის და 20 იანვრის ხელისუფლებიდან უფრო წონიანი ხალხი გაეშურა ჩრდილოეთისკენ და " მწვერვალებიც კი დაიპყრო", რუსულ "ოლიმპზეც " გაიელვა, ვიდრე მაშინდელი ოპოზიციის სუსტმა ფრაგმენტმა შეძლო....მომცრო იყო მისი პოლიტიკური ფასი და მონაგარი მოსკოვში.
ასევე, 2019 წ. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სახელისუფლებო შეფასება ისევე სამარცხვინოა, როგორც უმოწყალო, მრავალსაათიანი დარბევის გამართლება.
მე რომ მარბევენ ცუდია და მე რომ ვარბევ, კარგია - ეს სადაური სამართალია? არადა, ასე გამოსდის ზოგს....ან კიდე, არც ერთი ხელისუფლება ა(ღა)რ მომწონს, არც მისი ოპოზიცია მომწონს - ამიტომ სახლში დავჯდები - ესაა შექმნილ ვითარებაზე ამ ფრთხილი ხალხის პასუხი?
ყველამ გავიხსენოთ, 2008- შიც და 2020- შიც ვის მივეცით ხმა... " თანმიმდევრულობას" და " პრინციპულობას" გაგვახსენებს ბევრს - არც ერთი რომ "არ მოგვწონდა"....
არც " სირცხვილიას" ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფილა ამ ზომიერი ანტი/ ანტი ხალხის მოზღვავება.
სამოქალაქო აქტივისტებს რაღას ერჩით?
ხელისუფლება უმცირესობაშია. ეს დადასტურდა 31 ოქტომბერს.
დასავლური ღირებულებების ადამიანებიც დიდ უმცირესობაშია - აქეთაც და იქითაც საკმაოდაა ორპოლუსიანობის, მტრის ხატის პოლიტიკის მოსურნენი...ოცდაათი წელია, რაც მყარ უმრავლესობაში არიან.. ესეც დადასტურდა არჩევნების შემდგომ პერიოდში.
სიმართლე ესაა.
მაინც ეს უმცირესობა( მეტწილად ახალგაზრდები) უზრუნველყოფს ჩვენს გაევროპელებას...მაგრამ მეტი რისკით, მეტი წვალებით....სამწუხაროდ, უფრო გვიან
განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) - გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.
კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ....
ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია....ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია.
განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული.
P.S. ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არც ერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე”,- წერს დავით ბერძენიშვილი