საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე განმარტავს თუ რატომ არის რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გამოსავალი.
გიორგი ქადაგიძის განმარტებით, რიგგარეშე არჩევნები არა მარცხი, არამედ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის და ახალი შესაძლებლობების ყველაზე ქმედითი და ცივილიზებული ინსტრუმენტია.
"1. მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას. სხვადასხვა პარტიიდან მინისტრები კონკურენციაში იქნებიან ერთმანეთთან, რითაც ამომრჩეველი და ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.
მრავალპარტიული პარლამენტი გახდება რეალური პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, პოლიტიკა კულუარებიდან და ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ეს მოიტანს სტაბილურობას და ეფექტურ კონტროლს მთავრობაზე.
2. პირველად გაჩდება შანსი სასამართლოს რეალური რეფორმის და დამოუკიდებლობის. ეს თავის მხრივ დაასრულებს ძალოვანი უწყებების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, ჩადებას, ფაბრიკაციას და სხვა საბჭოთა მემკვიდრეობას.
3. დღის წესრიგში აუცილებლად დადგება რეალური რეგიონალური დეცენტრალიზაციის და მეტი ფინანსების დატოვების საკითხი. ეს გააცოცხლებს რეგიონებს და ჩართავს მათ რეალურ პოლიტიკაში, გაიხსნება სივრცე ახალი ლიდერებისთვის და ახალგაზრდებისთვის.
4. ერთპარტიული ცენტრის გარეშე ასევე გაიხსნება ფანჯარა განათლების რეფორმის, როგორც სასკოლო ასევე საუნივერსიტეტო დონეზე.
5. აღარ ვსაუბრობ ელექტრონული არჩევნების დანერგვაზე, ანაკლიის პორტზე, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ბევრ სხვა იდეაზე, რომელიც გააცოცხლებს ქვეყანას და დააბრუნებს მას საერთაშორისო ასპარეზზე.
რიგგარეშე არჩევნები არ არის მარცხი, რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის და ახალი შესაძლებლობების ყველაზე ქმედითი და ცივილიზებული ინსტრუმენტი.
დემოკრატიული და კოალიციური მმართველობა იქნება ყველაზე ღირსეული პასუხი ოკუპაციის 100 წლის იუბილეზე და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივისცემა, ვინც შეეწირა წითელ ჯოჯოხეთს", - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.