სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანებიან და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვას აქვეყნებენ.
“აგრესიული პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო.
ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას.
გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ: უარი თქვას ქვეყნის დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები”, - წერია მიმართვაში.
პეტიციას ხელს აწერს 130 ექიმი.