მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ესპანეთში, ბილბაოს ოპერის თეატრში (ABAO) კონცერტს გამართავს.
ქართველ მომღერალს აკომპანირებას ცნობილი მაესტრო ვინჩენცო სკალერა გაუწევს. ანიტა რაჭველიშვილი შეასრულებს კამერულ მუსიკას და არიებს სხვადასხვა ცნობილი ოპერიდან.
კამერული კონცერტი 27 თებერვალს არის დაგეგმილი.
ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კვლავ განაგრძობს მსოფლიოს უდიდეს სცენებზე გამოსვლას.
21 თებერვალს ქართველმა მომღერალმა ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრში ოპერა "კარმენში" იმღერა, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, რადგან ავსტრიაში პანდემიის გამო თეატრებში მაყურებლები ამ დრომდე არ არიან დაშვებული.
"კარმენის" კიდევ ერთი წარმოდგენა ვენის თეატრში 26 თებერვალს გაიმართება.
მომღერლის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ანიტა რაჭველიშვილი მაისში ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში ვერდის "ტრუბადურში", ივნისში კი არენა დი ვერონას სცენაზე "აიდაში" იმღერებს.
ფოტო: Anita Rachvelishvili Facebook