ერევანში ოპოზიციური პარტია "ძლევამოსილი თურქეთის" ლიდერი თუნა ბეკლევიჩი დააკავეს. ამის შესახებ ერევნიდან "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი იტყობინება.
ბეკლევიჩი სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურმა "ჩვენებების მისაცემად" დააკავა, მას შემდეგ, რაც დღეს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 1993 წელს დაკეტილი თურქულ-სომხური საზღვარი გადმოლახა.
"ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტის ინფორმაციით, რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მესაზღვრეებმა, რომლებიც ქვეყნებს შორის საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ, ბეკლევიჩის სიტყვები უარყვეს, თუმცა მიუხედავად ამისა, თავად ბეკლევიჩმა პრესასთან ურთიერთობის დროს განაცხადა, რომ უკვე მესამედ ჩავიდა სომხეთში. თავისი სიტყვების დასტურად მან ფოტომასალა წარმოადგინა, რომელიც საზღვრის გადაკვეთის მომენტშია გადაღებული.
თურქული ოპოზიციური პარტიის ერევანში ვიზიტის მიზანი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის თურქეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმის გადაცემა იყო.
"ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი იტყობინება, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამ დოკუმენტების მიღებაზე და ბეკლევიჩს თურქეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა ურჩიეს.
პარტია "ძლევამოსილი თურქეთი" თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ემხრობა. ეს პარტია თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში სომხეთისა და თურქეთის ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პარტიების სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა ერევანში იგეგმება.
"ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორმა, პარტია "ძლევამოსილი თურქეთის" თავმჯდომარის მოადგილემ ბაიბარს ორსეკმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების პრობლემური საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნის საკითხები.
ორსეკის ინფორმაციით, მოძრაობაში უკვე ჩართულია სომეხი და თურქი ახალგაზრდობის 1000 წარმომადგენელზე მეტი.
თავის მხრივ, პარტია "ძლევამოსილი თურქეთის" თავმჯდომარე თუნა ბეკლევიჩმა განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის აუცილებელია დიალოგი და ამ მიმართულებით ძალისხმევა ორივე ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს.
"მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობები იყოს და საზღვრები გაიხსნას. ჩვენი დელეგირება თურქეთის მთავრობას არ მოუხდენია და არც სომხეთის მთავრობას დავუპატიჟებივართ. ეს ჩვენი ინიციატივაა და გვსურს, რომ ჩვენ შორის დახურული საზღვარი გაიხსნას", _ აცხადებდა იგი.