ადამიანების უფლებების სტანდარტით, არ შეიძლება წიწაკის გაზის, სპრეის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განაცხადა.
"პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაერო-ს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი აღწევს არადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს. მათ შორის „სიპიტის“ 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის რეკომენდაცია გაცემული, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. არ შეიძლება ადამიანების უფლებების სტანდარტით, წიწაკის გაზის, სპრეის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე. მოვედი, რომ ადგილზე ვნახო რა ვითარებაა, გავესაუბრო მოქალაქეებს. ჟურნალისტებიც ვიცი რომ დაშავდით და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ ან დაშავება იმ ადამიანების, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები", - განაცხადა ლომჯარიამ.