"სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, ბინების გაქურდვის ფაქტებიც.
"გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტრესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე, მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით. რეგისტრირებულ დანაშაულზე ჩვენ საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში დაგეგმილია და მიმდინარეობს არაერთი რეფორმა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.