შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
მისი თქმით, კომენდანტის საათის მხრივ, ცვლილებები განიხილება და ეტაპობრივად მოიხსნება სხვა შეზღუდვებიც.
"იცით, ახლა მთავრობაში ცვლილებებია. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ – კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება", - აცხადებს ცერცვაძე.