მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა ვაჟკაცია, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა.
“რომ გითხრათ არ ვნერვიულობთქო, მოგატყუებთ. ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა, მაგრამ დეპრესიაში არ ვიმყოფები, რადგან ჩემს შვილს არ ასამართლებენ არც ქურდობაზე, არც მექრთამეობაზე, არც სხვა რამეზე. მას სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და ეს მე მეამაყება. ნიკა ვაჟკაცია”, - თქვა ანზორ მელიამ.
16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. რეგისტრაცია გაიარა 94 დეპუტატმა.
მანამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.
იურიდიული კომიტეტის წევრთაგან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ "მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა. ხოლო საპროცედურო საკითხთა წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საპარლამენტო კომიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებას განიხილავენ.
საკითხს მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის პროკურატურამ მიმართა.