ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება, - აკრძალულ და ნებადართულ საქმიანობებზე აღსრულების კონტროლსა და დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გაგრძელებაზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა, თუმცა მშობლებს კვლავაც აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა. ამავდროულად, დღეიდან, კვების ობიექტებს ღია სივრცეებში, სტუმრების მიღება შეუძლიათ (შაბათ-კვირის გარდა). ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სარესტორნე ბიზნესის ჩართულობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა განახლებულ პროტოკოლებსა და წესებზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან ერთად, რაც დაეხმარება კაფეებსა და რესტორნებს, რომ შემდგომ ეტაპებზე შიდა სივრცეების გახსნას მომზადებული შეხვდეს. აგრეთვე აღინიშნა, რომ სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც არ ჰქონდათ შესაბამისი ფართები ღია სივრცეების მოსაწყობად, ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ ტროტუარების დროებით სარგებლობაში გამოყენება შესთავაზა.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. კვლავ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ამასთან, როგორც ცნობილია, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება. ამასთან, როგორც ცნობილია, ორგანიზაციები და ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის გამო დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციაზე ისაუბრა საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მასშტაბით ახალ შემთხვევათა რაოდენობა თანდათან იკლებს, რასაც თან ახლავს ჰოსპიტალურ ქსელში პაციენტების რაოდენობის კლება. მისივე თქმით, 15 თებერვლის დადებითობის მაჩვენებელი 1.79 %-ს შეადგენს, დიდ ქალაქებში კი 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 1-დან-3 %-ის ფარგლებში, ხოლო 14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 1-დან-4%-ის ფარგლებში მერყეობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 7 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი ჩამოსულია 13-ზე, 14 დღიანი კი 14.5-ზე, როცა ნოემბერ-დეკემბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 115-120-ის ფარგლებში იყო, რაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შესამჩნევ სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ციფრები საქართველოსთვის მაინც საყურადღებოა და შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილე არ გვმართებს, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია უარი დიდ თავყრილობებზე, რაც ყველაზე მომატებულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების ახალი შემთხვევები.
სხდომაზე ითქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სკოლის 50 000-მდე პედაგოგი გაიტესტა და მასწავლებლებში დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ია. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მნიშვნელობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ჯანმრთელობა. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება უტარდება.