ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ იტალიის ახლადფორმირებული მთავრობის მეთაურობა ჩაიბარა.
პრემიერ-მინისტრის ფიცის ცერემონია რომში, ქვირინალეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში, პრეზიდენტ სერჯო მატარელას თანდასწრებით გაიმართა.
მარიო დრაგიმ რეზიდენციაში იტალიის მთავრობის შემადგენლობაც წარადგინა. რამდენიმე მინისტრმა, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს კაბინეტში მუშაობდნენ, მათ შორის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებმა, შეინარჩუნეს თანამდებობები.
იტალიის წინა კოალიციური მთავრობა იანვრის მიწურულს, პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს გადადგომის შემდეგ დაიშალა.
კონტეს გადადგომა გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც მის მიერ შექმნილმა კოალიციამ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტის ზედა პალატაში. კოალიციაში შემავალი პარტიები ვერ შეთანხდნენ პანდემიასა და ეკონომიკურ რეცესიასთან ბრძოლის მთავრობის გეგმასა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების განაწილებაზე.
მომავალ კვირას მარიო დრაგის მთავრობა იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.