საქართველოში დაკარგული ტრადიციული "ლურჯი სუფრისა" და მოჩითული ქსოვილების დამზადების ტექნოლოგია აღდგება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით ტრადიციული ლურჯი სუფრის ტექნოლოგიის აღსადგენად შეიქმნა სპეციალიტთა ჯგუფი (თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პედაგოგები თ. კლდიაშვილი, ქ ქავთარაძე), რომლებიც მივლინებულ იქნენ Aაზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ.შეკიში, სადაც გაეცნენ იმ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა საქართველოში ,,ლურჯი სუფრისა" და ზოგადად მოჩითული ქსოვილების წარმოებას.
უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ტექნოლოგურ-კვლევითი სამუშაოები, შედეგი მიღებულია და ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში.
სამომავლოდ დაგეგმილია ტექნოლოგიური პროცესის სწავლების ჩართვა თბილისის სამხატვრო აკადემის სასწავლო პროცესში, სადაც ჩვენი სტუდენტები დაეუფლებიან ქსოვილზე დაჩითვის ტექნოლოგიის ცოდნას.
ძველთაგან საქართველოში ქსოვილის წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ხოლო 18-ე საუკუნიდან გავრცელებული იყო დაჩითული ქსოვილი, რომლის დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენდა ხის საჩითავი ყალიბების მეშვეობით დატანილი ნახატი- ორნამენტით.
საქართველოში ამ დროისთვის ასევე ფართოდ გავრცელებულ იყო აღმოსავლეთიდან შემოსული ე.წ. ცივი კუბური ღებვაც. რუსეთისაგან და ევროპისაგან განსხვავებით აქ ასევე ჩითავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ,,ლურჯ სუფრებს''.
მასალად ტრადიციულად გამოიყენებოდა სელისა და ბამბის ქსოვილი, რის შედეგადაც ,,ლურჯი სუფრის" ფონი მერყეობდა ღია ლურჯიდან მუქ ლურჯ ფერამდე. ძირითადი დეკორატიული მოტივების განაწილებას თვითონ ოსტატი განსაზღვრავდა ჩამოყალიბებული მხატვრული სტილისტიკის მიხედვით.
,,ლურჯი სუფრა" მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულების გარდა ატარებდა გარკვეულ რიტუალურ ხასიათს, როგორიცაა საქორწინო ნადიმი, საეკლესიო დღეობა და ა. შ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ტრადიციული ქართული "ლურჯი სუფრის" პრეზენტაცია 1 ნოემბერს, 17:00 საათზე შედგება.