ქართული თეატრის ელექტრონულმა არქივმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ "შემოქმედებითი საქართველოსა" და ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მხარდაჭერით განახორციელა კვლევა "საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში (თეატრები და სათეატრო ფესტივალები) 2018-2020 წლების მაგალითზე", რომელიც ითვალისწინებდა ამ ქალაქებში არსებული შემოქმდებითი ინდუსტრიების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალის, არსებული მდგომარეობის, რესურსების კვლევას.
პროექტის განხორიცლებაში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო კონსულტანტები ბრიტანეთიდან: ტომ ფლემინგი და თრეისი გრეგორი, მათთან თანამშრომლობით მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს შავიზღვისპირა ქალაქების თეატრებმა, სახელმწიფო ინსტიტუციებმა (აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები), ბათუმისა და ფოთის თეატრებმა, ამ ქალაქების ფესტივალებმა, ხელოვნების სფეროს მენეჯერებმა, ეკონომისტებმა, მარკეტოლოგებმა, კულტურისა და ტურიზსმის სფეროს ექსპერტებმა, თეატრის მკვლევრებმა და სახელისუფლებო ინსტიტუციების ხელმძღვანელებმა, კურატორებმა.
კვლევის მიზანი იყო ორი ქალაქის მაგალითზე თეატრებისა და სათეატრო ფესტივალების კომერციული და ინტერნაციონალური რესურსების, მდგომარეობის, პრობლემებისა და გამოწვევების შესწავლა. უცხოური (შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე) გამოცდილების გაცნობა და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.
აღნიშნული ქალაქების ადგილმდებარეობა ხელს უწყობს სათეატრო სექტორის ნებისმიერ სეზონზე მუშაობას და საჭიროა არა მხოლოდ საერთაშორისო პროექტების განხორციელება, არამედ ტურისტების მოზიდვა და საქართველოში კულტურის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
განხორციელებული კვლევა ნათელს ჰფენს იმ პრობლემებს, რომელიც დგას საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიებში. კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები, საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტთა მოსაზრებები გახდება ერთგვარი მეგზური არა მხოლოდ ფოთისა და ბათუმის, არამედ ზოგადად საქართველოში არსებული საშემსრულებლო ხელოვნების სექტორისთვის.
აღნიშნული კვლევა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ელექტრონული წიგნის სახით გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა (www.nplg.gov.ge) და ქართული თეატრის ელექტრონული არქივის (www.theatrelife.ge) ვებ გვერდებზე.