ყვარლის ტბის ტერიტორიაზე დღეს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა" ჩატარდება, სლოგანით - "სამშობლო მთებო! - დაბრუნება".
კონკურსის გამარჯვებული ნოემბრის შუა რიცხვებში დასახელდება. საუკეთესოთა შორის სამ საუკეთესოს კონკურსის სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი ლიტერატორებითა და მწერლებით არის დაკომპლექტებული.
გამარჯვებულ სამეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემა. I ადგილის მფლობელი 1000 ლარის, II - 700 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული კონკურსანტი 500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე გამართულ ლიტერატურულ კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილიც დაესწრება.