ხვალ, 29 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები სულ 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორის ტარიელ ხიზანეიშვილისთვის თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შექმნის, კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის დანიშვნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.
ამასთან, დეპუტატები თბილისში რამდენიმე ქუჩის გადარქმევის საკითხს, კერძოდ კი ვაკე-საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებული დემეტრე თავდადებულის ქუჩის სახელდების გაგრძელების საკითხს მეფე მირიანის ქუჩის გადაკვეთამდე, დიდი დიღმის ტერირორიაზე ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის მეფე მირიანის სახელის მინიჭების შესახებ, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მეფეების მირიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების შემაერთებელი ქუჩისთვის მეფე არჩილის სახელის მინიჭების შესახებ, ისანი-სამგორის რაიონში შალვა დოლიძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.
ხვალვე საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეების და თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობას დაამტკიცებენ.