ეუთოს ყოფნას საქართველოში არავითარი კავშირი არა აქვს მისი მეზობელი ქვეყნის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც "საქართველოს აქვს ინტერესი იმისა, რომ ეუთო რაიმე სახის მანდატით დაბრუნდეს საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგი განახორციელოს".
"ეუთოს მისიის საქართველოში ყოფნის საკითხი ეს უპირველეს ყოვლისა თავად ორგანიზაციისა და საქართველოს საქმეა. ეუთოსა და საქართველოს - ამ ორგანიზაციის წევრის ურთიერთობების კომენტირება საჭიროდ არ მიმაჩნია. თუმცა დავსძენ, რომ ეუთოს ნებისმიერი ფორმით ყოფნას საქართველოში არავითარი კავშირი არა აქვს საქართველოს მეზობელ დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა არაერთგზის მიმართეს ეუთოს წინადადებით მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, ოღონდ - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" გათვალისწინებით.
"ეუთო ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში 1992 წლიდანაა ჩართული და ცხინვალში თავისი ოფისიც ჰქონდა. ავღნიშნავ, რომ 2008 წლის აგვისტოში ეუთოს წარმომადგენლებმა თავისი თავის წარმოჩენა კარგი კუთხით ნამდვილად ვერ შეძლეს", _ აცხადებს ჯიოევი.
მისივე თქმით, საქართველო სარგებლობს იმით, რომ იგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია და საერთაშორისო ორგანიზაციების დეზინფორმაციას ახდენს.
"საქართველოს ხელისუფლება თავის სურვილს სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ სინამდვილედ ასაღებს. სინამდვილეში კი სამხრეთ ოსეთი არ არის საქართველოს ტერიტორია და საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ვრცელდება", _ აცხადებს ჯიოევი და დასძენს, რომ ოსი სეპარატისტები მზად არიან ეუთოსთან თანამშრომლობისათვის.
ჯიოევი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მალე ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის ვიზიტს ელიან, რომელიც - "სამხრეთ ოსეთში რუსეთის ტერიტორიის გავლით შემოდის".