"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 54-ივერ არჩეულ დეპუტატს სურს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, თუმცა ამისთვის ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო. ამის შესახებ ჯაფარიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
"თუ იქნება რეალური კომპრომისული წინადადება, რომელიც ასახავს ჩვენი მოქალაქეების ნებას, გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ თავიდანვე ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, მე დამისვა კითხვა ერთმა ჟურნალისტმა, "ქართული ოცნების" სპიკერმა თქვა, რომ იცის 20 არჩეულ დეპუტატს უნდა ახლა პარლამენტში შესვლა, 20 კი არა, 54-ს უნდა შესვლა. 54-ვეს გვინდა შესვლა, ამისთვის გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება. ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, ოღონდ შესვლა იმის შემდეგ, რაც განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი. ასეთი ფორმით შესვლა, როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს პოლიტიკურ კრიზისს არ განმუხტავს, ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის უფსკრულს და საზოგადოებაში დაპირისპირებას.
ჩვენი ამოცანა ის ხომ არ არის, ვიღაცამ თავისი პირადი კომფორტი მოიწყოს, შევიდეს პარლამენტში და იქ პრივილეგიით ისარგებლოს, რომელსაც იძლევა პარლამენტის წევრობა. ჩვენი ამოცანა არის, რომ განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვახდინოთ საზოგადოების გამთლიანება“, - თქვა ჯაფარიძემ.