ნორვეგიელმა დეპუტატმა ამერიკელი საარჩევნო უფლებების აქტივისტი, დემოკრატი პოლიტიკოსი სტეისი აბრამსი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.
ამერიკელი პოლიტიკოსი და აქტივისტი, სტეისი აბრამსი ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატების უმცირესობის ლიდერია.
სტეისი აბრამსმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა, ტრადიციულად რესპუბლიკური განწყობის ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვებაში. სწორედ ის უძღვებოდა ამ შტატში დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიას.
2018 წელს სტეისი აბრამსმა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო ხმების დაცვას ემსახურებოდა.
სტეისი აბრამსის ორგანიზაცია დაეხმარა ჯორჯიის შტატში მცხოვრებ ასეულობით ათას ხმის მიცემის უფლების მქონე აფროამერიკელს, რომლებიც ბიუროკრატიული ბარიერების გამო ამომრჩევლებად არ იყვნენ რეგისტრირებულები, მონაწილეობა მიეღოთ 2020 წლის არჩევნებში.
ამასთან, ვიდრე ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისს დაასახელებდა, სწორედ სტეისი აბრამსს მოიაზრებდნენ მომავალ ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა ბაიდენმა არჩევანი ჰარისზე შეაჩერა.
2018 წელს სტეისი აბრამსი ჯორჯიის შტატის გუბერნატორის თანამდებობის დასაკავებლად იბრძოდა. გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდებოდა, ამერიკის ისტორიაში, პირველი აფრო-ამერიკელი გუბერნატორი ქალი.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ასევე წარდგენილები არიან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, სამოქალაქო მოძრაობა Black Lives Matter, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ მსოფლიოს სახელმწიფოების პარლამენტისა და მთვრობის წევრებს, უნივერსიტეტის რექტორებსა და პროფესორებს, ასევე პრემიის ლაურეატებს, პრემიის კომიტეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს.
კანდიდატთა წარდგენა იანვრის ბოლოს სრულდება. მოგვიანებით, საორგანიზაციო კომიტეტი დაასახელებს ნომინირებულთა მოკლე სიას, ხოლო ლაურეატი დასახელდება ნოემბერში.
გასულ წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სურსათის პროგრამას გადაეცა.