ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამის შესახებ თავად ციხანოუსკაიამ დაწერა Twitter-ზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მასთან ერთად ამ პრემიაზე ბელარუსი ხალხიც არის წარდგენილი.
"ეს არის ბელარუსისადმი სოლიდარობის ბრწყინვალე გამოხატულება და თავისუფლებისთვის ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის აღიარება, რაც მთელი მსოფლიოსთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა", - დაწერა ციხანოუსკაიამ.
ფრანგული გამოცემა AFP-ს ცნობით, ციხანოუსკაიას გარდა, ნობელის პრემიაზე ასევე წარადგინეს ბელარუსის ოპოზიციის სხვა ქალი ლიდერებიც - მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო.
მანამდე, 2020 წლის 16 დეკემბერს ციხანოუსკაიას, კოლესნიკოვასა და ცეპკალოს ევროკავშირმა "სახაროვის პრემია" გადასცა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნორვეგიელმა დეპუტატმა ნობელის პრემიაზე ასევე წარადგინა სამოქალაო მოძრაობა "Black Lives Matter - შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ მსოფლიოს სახელმწიფოების პარლამენტისა და მთვრობის წევრებს, უნივერსიტეტის რექტორებსა და პროფესორებს, ასევე პრემიის ლაურეატებს, პრემიის კომიტეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს.
კანდიდატთა წარდგენა იანვრის ბოლოს სრულდება. მოგვიანებით, საორგანიზაციო კომიტეტი დაასახელებს ნომინირებულთა მოკლე სიას, ხოლო ლაურეატი დასახელდება ნოემბერში.
გასულ წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სურსათის პროგრამას გადაეცა.