საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაცია ლატვიის კერძო სკოლათა კავშირის წევრებით იყო წარმოდგენილი. ვიზიტის მიზანი მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის გაცნობა, გამოცდილებათა გაზიარება და საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციის ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციაში გაწევრიანების საკითხის განიხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლა მოინახულეს და სამუშაო შეხვედრები გამართეს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სტუმრებმა იმ გამოცდილებებზე, რაც ევროპის წამყვან ქვეყანათა საგანმანათლებლო სივცრცეშია აპრობირებული და საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
ვიზიტის შემდეგ, ლატვიის კერძო სკოლათა ასოციაცია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციას, რათა იგი უახლოეს მომავალში გახდეს ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და მას საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი, სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესის" დირექტორი დავით კახნიაშვილი თაოსნობს.