გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას "ცესკოს გადამალვის მცდელობაში" ადანაშაულებს და მიჩნევს, რომ ცესკოს საპატრულოს ყოფილ შენობაში გადატანა არჩევნების სავარაუდო გაყალბებას უკავშირდება.
ცაგარეიშვილი ამ ფაქტს განიხილავს ბოლო წლებში დაფიქსირებული ტენდენციის ფარგლებში და აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ყველა არჩევნების წინ ხელისუფლებას ცესკო ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებისკენ გადაჰქონდა.
"მთაწმინდიდან ჯერ გადაიტანეს სპორტის სასახლესთან, შემდეგ _ საბურთალოს ბოლოში ყოფილი საგზაო დეპარტამენტის შენობაში, ახლა კი გადააქვთ დიღმის ტრასაზე, თითქმის მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველა გადატანა უკავშირდება იმას, რომ ცესკო აყალბებდა არჩევნებს და ეს არის ცესკოს გადამალვის მცდელობა", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, ამჟამად ცესკოსთან ერთად შენობაში ფუნქციონირებს პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რაც ხელს შეუშლის ცესკოსთან აქციების ჩატარებას.
ცაგარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს ცესკოს გადატანისთვის დახარჯულ თანხაზე და აღნიშნავს, რომ თვე-ნახევრის წინ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 345 ათასი ლარი, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოყოფილია 16 მილიონი.
"ეს არის მხოლოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მე ვერ მოვიპოვე ინფორმაცია თუნდაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხაზე. ამიტომ ძნელია იმის თქმა, ბიუჯეტს მთავრობის ეს უგუნური პოლიტიკა რამდენი უჯდება. როდესაც ჩვენი მოქალაქეები შიმშილით იხოცებიან, ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის დაფარვას ასე ცდილობს", - აცხადებს ცაგარეიშვილი.