პარლამენტი ხვალ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს, რომლის თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის, ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.
პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.
"პლენარულ სხდომაზე ჩატარდა პირველი მოსმენა და პირველი მოსმენით მიღებულ იქნა ეს კანონპროექტი. მეორე მოსმენა, ზოგადადაც, და ამ კერძო შემთხვევაში, არის ტექნიკური ტერმინოლოგიის ცვლილებები, რომელზეც შევჯერდით, ძირითადად. ხვალ იქნება მეორე მოსმენა. შეიძლება, რაღაც ტექნიკური, არაშინაარსობრივი ცვლილებები შევიდეს, ხვალვე იქნება მესამე მოსმენა და ამითი უკვე საბოლოოდ ეყრება კენჭი ამ კანონპროექტს," - პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი და მათი სიები უკვე დგინდება.
"ვაქცინაციის გეგმა, როგორც იცით, დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული ნაბიჯები. პირველი ვაქცინაციის გეგმა ეხება სამედიცინო პერსონალს, უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროდან მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც არის დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინის მიღების შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით კი, ვაქცინის ჩასატარებლად სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა გადამზადება.
"ინფრასტრუქტურა საკმაოდ სერიოზულად მომზადებულია. ექიმებს და ექთნებს მრავალჯერადი გადამზადებები აქვთ გავლილი," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.