27 იანვარს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაამტკიცებენ.
„გაგაცნობთ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის 44-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 27 იანვრის 12 საათიდან, ჩვენ შეგვიძლია, უკვე სხდომა დავიწყოთ. დღის წესრიგს რაც შეეხება, განსახილველ საკითხთა შორის გახლავთ რომელიც ეხება საქართველოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინით უზრუნველყოფის საკითხს. ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისათვის, რათა დროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და „კოვაქს“ პლატფორმის მიერ გათვალისწინებული კალენდრის თანახმად საქართველო ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ ამ ფონზე შევძლოთ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობის განახლება იმ ტემპებში, როგორც ეს იყო კოვიდამდე.
კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პროფესიონალებს, ყველა იმ სამსახურს, ვინც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დღემდე არის ჩართული“, – განაცხდა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.