განათლების მინისტრის განმარტებით, 1-ელ თებერვალს, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელება 1-ელ მარტს იგეგმება, თუმცა ეს პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტულ ეპიდისტუაციასთან.
„ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი. ანუ, თუ 1-ელ მარტამდეც ეს 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებლი 4%-ს ჩამოსცდება, შეზღუდვების მოხსნა უფრო თამამი იქნება.