იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ქართველ პიანისტს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის.
მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი - პირველი ხელოვანი საქართველოდან.
"მსურს გაცნობოთ, რომ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ განაახლა ჩემი მანდატი "იუნესკოს მშვიდობის არტისტის" რანგში. როგორც პირველი ხელოვანი საქართველოდან, მოხარული ვარ, რომ შევძლებ მოცემული მაღალი სტატუსის საშუალებით, მრავალი საერთაშორისო კულტურული პროექტი განვახორციელო, ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს ელისო ბოლქვაძე.
იუნესკოს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი.
მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა.