კორონავირუსით გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი. ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.
"2021 წლის 22 იანვარს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი.
მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ დიმიტრის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი დიმიტრი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.