"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესს აპროტესტებენ.
აღნიშნული ინიციატივის განხილვას საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე აპირებს. ამის შესახებ დღეს, საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა სამუშიამ ისაუბრა. დღევანდელ პრესკნფერენციას საქალაქო ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიაც ესწრებოდა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, გარდა იმ კონკურსის წესისა, რომელიც საკრებულოში თბილისის მერიამ წარადგინა, საკრებულომ უნდა მიიღოს კონკურსის სანებართვო პირობები, ასევე დოკუმენტში უნდა ჩაიდოს ექვსთვიანი ვადა აღნიშნული წესის მიღებიდან მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. სამუშიას განმარტებით, მძღოლებმა კონკურისის გამოცხადებამდე სათანადოდ მომზადება უნდა შეძლონ, რასაც დრო სჭირდება. მისივე თქმით, კონკურსის გამოცხადებამდე უნდა შეიქმნას პარტნიორების ოთხმხრივი კომისია თბილისის მთავრობის, დამსაქმებლების, პროფკავშირების და ოპოზიციის მონაწილეობით, საკითხის სრილფასოვნად მომზადებისთვის.
"ჩვენ ამ მოთხოვნებს დავაყენებთ ბიუროს და საკრებულოს სხდომებზე", - აღნიშნა სამუშიამ
"ქრისტიან დემოკრატების" მოთხოვნებს ეთანხმება საქალაქო ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის პროფკავშირების თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია. მისი თქმით, თუ საკრებულო "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, 6000 მძღოლი უმუშევრი დარჩება და ქუჩაში საპროტესტო აქციებს დაიწყებს, რადგან ისინი კონკურსისთვის სათანადოდ მომზადებას ვერ მოასწრებენ.
"მოსალოდნელია ქალაქ თბილისს ცხელი ზამთარი დაუდგეს, რადგან მერიის მიერ შემოტანილი კონკურსის ჩატარების წესი არის ბუნდოვანი და 6000 მძღოლი შეიძლება დარჩეს უმუშევარი. საერთო ჯამში ათიათასობით ადამიანი დარჩება ლუკმაპურის გარეშე. ჩვენ ვეთანხმებით ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას, რათა დავიცვათ დასაქმებული მძღოლების უფლებები, რომლებიც უკვე 20 წელია მუშაობენ", - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.