მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, რუსეთის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „გაზპრომი“ არ გამორიცხავს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის შეჩერებას ან სულაც დახურვას, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ისეთი მსხვილი საერთაშორისო პროექტების, როგორებიცაა "თურქული ნაკადი" და "ჩრდილოეთის ნაკადი", რეალიზაციისას ვაწყდებოდით და კვლავ ვაწყდებით სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური სიტუაცის შეცვლასთან დაკავშირებულ რისკებს, რასაც მივყავართ პროექტების სხვადასხვა ასპექტისადმი ჩვენი პარტნიორებისა და მარეგულირებელი ორგანოების პოზიციების შეცვლასა და ქვეყნებს შორის დაძაბულობამდე. ზოგმა ცვლილებამ, შესაძლოა, შეუძლებელი ან არამიზანშეწონილი გახადოს პროექტის განხორციელება ანუ - გამოიწვიოს პროექტის შეჩერება ან გაუქმება", - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 19 იანვრიდან სანქციებს დაუწესებს რუსულ გემ Fortuna-ს, რომელიც გაზსადენის პროექტის დასრულებაზე მუშაობს.
გავრცელებული ცნობით, სანქციები დაუწესებდა Fortuna-ს და მის მფლობელ კომპანია КВТ-Рус-ს. სანქციები პროექტის ბოლომდე მიყვანას შეუძლებელს გახდის.
რუსული გემი Fortuna მას შემდეგ ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, რაც საერთაშორისო კომპანიები შეერთებული შტატების სანქციების გამო ვეღარ აგრძელებდნენ მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობას.
რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა სანქციების გვერდის ავლით, როგორმე დაასრულოს გაზსადენის მშენებლობა, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის გავლით ევროპასთან დააკავშირებს. თუმცა რუსეთის მცდელობები უშედეგოა.
ამ დროისთვის მილსადენის პროექტის 90% განხორციელებულია. იგი შედება ორი პარალელური ხაზისგან, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და თითოეული მათგანის სიგრძე 1230 კილომეტრია.
პროექტის მიხედვით მილსადენმა, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება პროექტს იმ მოტივით, რომ იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი გეგმავს, თავისი მრავალწლიან ზრახვა, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანოს სისრულეში.