საგამოძიებო ფილმების სტუდია „მონიტორი" ტელეკომპანიების „რუსთავი 2"-ისა და „იმედის" დაჯარიმებას ითხოვს. „მონიტორის" სახელით საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 26 ოქტომბერს შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩივრის შეტანის საფუძველი ტელეკომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევა გახდა. სტუდია მონიტორის ჟურნალისტი გიორგი მგელაძე 2009-2010 წლის განმავლობაში ატარებდა მონიტორინგს, რომელიც „რუსთავი 2"-ისა და „იმედის" მიერ „მაუწყებლობის შესახებ" კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილ წესების დაცვას ეხებოდა.
მონიტორინგის შედეგები საგამოძიებო ფილმში „რეკლამა კანონს მიღმა" წარმოადგინა. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ არღვევენ ტელეკომპანიები კანონს.
„მოვითხოვთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ" კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად ტელეკომპანიებს „რუსთავი 2"-ისა და „იმედს" დააკისროს შესაბამისი სანქციები,"- წერია „მონიტორის" საჩივარში.
საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ" მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოქალაქეთა საჩივრის შემთხვევაში უფლებამოსილია განიხილოს და იმსჯელოს ლიცენზიის მფლობელების მიერ „მაუწყებლობის შესახებ" კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე და დააკისროს მათ ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციები
თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დეკლარაციის შესახებ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების ან ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს ლიცენზიის მფლობელის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.