"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების დიდი წილი სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა იყო.
ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ დადგა:
"ჩემი ლოგიკით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა ვისაც მისცეს ხმა, ის ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ დგას. როდესაც ადამიანს აირჩევენ და წავა პოლიტიკიდან, ინიშნება ვადამდელი არჩევნები. რეალურად, ეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ერთპარტიული პარლამენტი, საერთოდ არ ასახავს და აცდენილია ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, ის ვერანაირად ვერ შეძლებს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.