ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს სახელი - Sakartvelas - ოფიციალურად დაამტკიცა. "დოკუმენტში "სახელმწიფოთა ოფიციალური სახელები" ამოიშალოს სახელი Gruzija და შეიცვალოს იგი Sakartvelas-ით", - ნათქვამია რეზოლუციაში. და ეს ერთადერთი მაგალითი არ არის იმისა, თუ როგორ მტკიცე, ქმედით და ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ლიეტუვა საქართველოს, თუ როგორი პატივისცემით არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ განმსჭვალული. მართალია, ჩვენს ქვეყნებს დიდი მანძილი, კულტურული და ეთნიკური სხვაობებია აქვთ, მაგრამ ბევრი ემოციური და ისტორიული მსგავსებაც აქვს.
პირველ ყოვლისა, ეს მსგავსება იყო ისტორიული მტრისა და ოკუპანტისგან განთავისუფლების დაუოკებელი სურვილი, უბრალო მოქალაქეების თავდადება და გაღებული მსხვერპლიც. ლიეტუვა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა – 1990 წლის 11 მარტს ლიტვის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 1938 წლის ლიტვის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ დადგენილება მიიღო. ასე დაიწყო ამ სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის გზაზე სვლა, თუმცა – ისევე, როგორც საქართველოსთვის, ამ გზის ჩარაზვას საბჭოთა ხელისუფლება ტანკებითა და სისხლში ჩახშობით შეეცადა. მოსკოვმა ჯერ ეკონომიკური ბლოკადით სცადა მაშინდელი ლიტვის რესპუბლიკის დამორჩილება და მასზე კონტროლის დაბრუნება, თუმცა, უშედეგოდ. 1991 წლის იანვარში კი ვილნიუსისკენ საბჭოთა სამხედრო შენაერთების მასიური გადასროლა დაიწყო. ვილნიუსის ათასობით მაცხოვრებელი ქუჩებში გავიდა – მათ არ სურდათ კრემლის დაქვემდებარებაში დაბრუნება.
13 იანვრის ღამეს ვილნიუსის ქუჩებში საბჭოთა ტანკები გამოჩნდნენ, ტელეცენტრსა და ანძასთან მათ „ცოცხალი ბარიკადები“ დახვდა. ადამიანები შიშველი ხელებით ცდილობდნენ ტექნიკის გაჩერებას. ვილნიუსელებმა ცოცხალი ფარი გააკეთეს, რათა ტელეცენტრი საბჭოთა სამხედროებისგან დაეცვათ. იმ ღამეს ძალადობრივი რუსული სამხედრო ოპერაციის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ასობით ადამიანი. რამდენიმე დღეში საბჭოთა კავშირის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა სცადა და განაცხადა, რომ ამ ოპერაციის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ლიეტუველი მეგობრების შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მცდელობის გააზრებაც. ერთი წლის წინ ვილნიუსის სასამართლომ, 1991 წლის იანვარში ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქში ტელეცენტრის შტურმის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სისხლის სამართლის საქმე 760 ტომს შეიცავდა, ბრალდებული 70 პირი იყო, მათ შორის, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ. მართალია, ისინი არ და ვერ მოხვდნენ განსასჯელთა სკამზე, რეალურად, გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მთავარი სხვაა – ლიეტუვამ, როგორც სახელმწიფომ, შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ არაფერი დავიწყებულა, ერმა საბჭოთა ჯალათებს განაჩენი გამოუტანა. ეს უზარმაზარი ძალისხმევის, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან წამოსული უდიდესი ნეგატივის, თავდასხმებისა და სახელმწიფო პროპაგანდის მიუხედავად მოხდა … ამის გამო კრემლმა იმ სამ ლიეტუველ მოსამართლეს, რომლებმაც 13 იანვრის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს, საკუთარი იურისდიქციის ქვეშ „სასამართლო“ მოუწყო და დაუსწრებლად გაასამართლა. რუსული პროპაგანდისტული მანქანა კი ვილნიუსის დაცვისთვის 1991 წელს გამართულ სახალხო პროტესტს დღემდე „არასანქცირებულ მიტინგს“ უწოდებს.
როგორც „დოიჩე ველეს“ კორესპოდენტს ისტორიკოსმა, ლიეტუვის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, არვიდას ანუშაუსკასმა უთხრა, 1991 წლის 13 იანვარი, პირველ ყოვლისა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა. „სწორედ ამ ბრძოლასა და გმირობასთან ასოცირდება ლიეტუვის ახალი თაობისთვის ეს თარიღი“. საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორი, ვირგინიუს სავუკინასი ფიქრობს, რომ ეს თარიღი ერთდროულად არის განთავისუფლების დღეც და ასევე იმის შეხსენება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო. „13 იანვარი ათვლის წერტილია ლიეტუვის მოქალაქეებისთვის, იმის დამოწმებაა, რომ თავისუფლებას დაცვა სჭირდება.“
13 იანვარს ლიეტუვა სამუდამოდ დაემშვიდობა საბჭოთა მემკვიდრეობას და დადგა გზაზე, რომელმაც ის დემოკრატიულ წყობამდე, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობამდე მიიყვანა. და, რაც უნდა მოხდეს მომავალში, როგორც უნდა შეიცვალოს ეპოქები და ზოგადი ვითარება, დამოუკიდებლობის დაბრუნების მნიშვნელობა არასოდეს იცვლება და არც ეჭვქვეშ დადგება.
ანასტასია ღიბრაძე