"ნანა ფიფია ვიდრე თვითმკვლელობას შეეცდებოდა, სუბელიანის უწყებაში იყო შესული თავის პრობლემებზე სასაუბროდ. მას სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შეურაცხყოფა მიაყენა", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი და დევნილების აქციის ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი აკეთებს.
ჩხარტიშვილი ვერ აზუსტებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნის ვიანობას, რომელსაც ნანა ფიფია ესაუბრა, თუმცა, ამბობს, რომ დევნილების ვარაუდით, ის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსი გრიგოლ ტუღუში იყო.
"ეს არის ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ამ მაღალჩინოსანმა პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგოს", - განაცხადა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისივე ინფორმაციით, ნანა ფიფია შიმშილობის აქციაში არ მონაწილეობდა. სოხუმიდან დევნილი სამინისტროსთან დღეს მივიდა და საცხოვრებელი ფართის თბილისში გამოყოფას ითხოვდა. ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ფიფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩხარტიშვილისა და დევნილების ერთი ნაწილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში, აფხაზეთიდან დევნილი 40 წლის ნანა ფიფია თავის დაწვას შეეცადა.
დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ სხეულის 30%-ზე მეტი აქვს დამწვარი და სხეულის მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ფიფიამ ეზოში ნავთი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
დევნილები სამინისტროს თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვენ. სამინისტრო მათ სახლებს რეგიონებში სთავაზობს, რასაც დევნილები აპროტესტებენ.