რუსეთი ნატოსგან საქართველოს საკითხის მოგვარებას მოითხოვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნატო ერთმნიშვნელოვნად დაეთანხმოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში რუსეთის ჯარების ყოფნას.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ინდეფენდენტი" ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ლისაბონში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთი აქტიურ კონსულტაციებს გამართავენ ევროპელ მოკავშირეებთან ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით.
"რუსეთი ავღანეთში ბრუნდება", _ იტყობინება "ინდეფენდენტი". გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი მონაწილეობას მიიღებს ავღანელი სამხედროებისა და პოლიციელების მომზადებაში ისინი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში იქნებიან ჩართულნი. ასევე რუსეთი ნატოს თავის სამხედრო ტექნიკითაც დაეხმარება.
მოსალოდნელია, რომ ნატოს ლისაბონის სამიტზე გამოცხადდება ახალი კარდინალურად განსხვავებული ხელშეკრულების შესახებ.
დასავლური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა რუსი სამხედრო მოსამსახურეები ქაბულის ქუჩებშიც გამოჩნდნენ, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად წესრიგის დამყარებაზე იზრუნებენ.
"ინდეფენდენტი" აღნიშნავს, რომ მოსკოვში ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტისას განხილულ იქნა საკითხი ალიანსის ძალებისათვის რუსული ვერტმფრენების მიწოდების შესახებ. დასავლური წყაროების მიხედვით, მოსკოვმა პოლონურ მხარეს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის 5 ვერტმფრენი მი-17 უკვე მიაწოდა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ამერიკელ კოლეგასთან რობერტ გეიტსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიყიდოს ან იჯარით გადასცეს მი-17-ის ტიპის ვერტმფრენები ავღანეთში დისლოცირებულ ნატოს ძალებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე აშშ და ევროკავშირი მოსკოვისგან მოითხოვენ საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან.