ქრისტიანული ცივილიზაცია და ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასა და სპეცსამსახურებს, დაედოთ სავიზო და ფინანსური სანქციები, ასე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც.
„ვერანაირი საქმე ვერ განხორციელდება თანამონაწილეების გარეშე. აი, ისეთი თანამონაწილეების, როგორიც არიან: ვოლსკი, კობახიძე, წულუკიანი. წულუკიანს ვერ გაურჩევია რა არის საპარლამენტო ბოიკოტი და რა არის პარლამენტში არშესვლა. ივანიშვილზე დგას საკითხი ვაშინგტონში ეს ამბავი ვიცით, ჩვენ ჩამოვყვებით მის თანამონაწილეებს, ესენია უშიშროების სამსახური და ცესკო. ეს ორი ორგანო უნდა იყოს პარალიზებული. ყველა უბნის თავმჯდომარე, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, ვისი ხელითაც ყალბდება, უნდა აეკრძალოს ევროკავშირში და აშშ-ში მიმოსვლა. ვაპირებთ, ხვალ გავუშვათ წერილი ვაშინგტონში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს ჩვენს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები. წერილის გაგზავნას „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით ვაპირებთ და იმედია, კოლეგები შემოგვიერთდებიან. ოპოზიციური სპექტრიც იზიარებს ამას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.