კარგი ამბები მოდის ვაშინგტონიდან, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, სპეცსამსახურებს, დაედოთ სავიზო და ფინანსური სანქციები.
"ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის ხელისუფლება ასევე მოკლე ვადებში განახორციელებს, ასევე ცენტრალური გამყალბებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის სანქცირებას, – თქვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკო-ს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები.
მათი ყველა ხელმძღვანელი უნდა მოხვდეს სავიზო და ფინანსური რეპრესიების რეჟიმში კარგი გაგებით და ეს ორგანიზაციები უნდა გამოცხადდეს მიუღებელ, გამყალბებელ, კრიმინალურ, რუსი ოლიგარქის ნების შემსრულებელ სტრუქტურებად. ყოველგვარი საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პუტინის წარმომადგენელს გაუპრავოს ძალადობის შედეგი, მიუღებელი და წარმოუდგენელია. საქართველო შედის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე, რის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ დარჩება ძალაუფლებაში გაყალბებით და მოსყიდვით. გვაქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მოკლე ვადებში მიიღებს ჩამკეტ გადაწყვეტილებას, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, ერთპარტიული ე.წ. პარლამენტის არსებობას", - თქვა ნათელაშვილმა.