27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში გაიმართება "პრესის ასოციაციის" მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის საჯარო განხილვა, 1-ელ ნოემბერს კი "ქრისტიან-დემოკრატები" ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე გეგმავენ პროექტის ავტორებისგან ინფორმაციის დეტალურ მოსმენას.
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ "პრესის ასოციაციის" მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტზე, რომლის განხილვასაც ხელისუფლება უკვე რამდენი ხანია, ყურადღების მიღმა ტოვებს.
"ქრისტიან დემოკრატები" ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებენ, დაესწრონ განხილვას. თარგამაძის თქმით, პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული ეს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დიდი ხანია პარალმენტში შესულია მათი ფრაქციის სახელით, თუმცა მისი განხილვა დღემდე არ მოხერხდა. იგი პრესის ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებების დაჩქარებულ განხილვას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი სასწორზე დგას.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მედიასაშუალებების გამჭვირვალობას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ მედიასაშუალებების მფლობელებსაც შეეხებათ.
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, შესაბამისი კომიტეტები ინიციატივას უახლოესი ორ კვირის განმავლობაში მოამზადებენ რის შემდეგაც პარლამენტი ინიციატივის განხილვას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფმა შეისწავლა საჯარო ინფომაციის მიღებასთან და მაუწყებელთა საკუთრებისა და საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად მოამზადა 8 კანონპროექტი ცვლილებებისა და დამატებების შესატანად შემდეგ კანონებში - ზოგად ადმინისტრაციული კოდექსში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, ადამნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სახელმწიფო რეესტრის შესახებ, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირელებელი ორგანოების შესახებ, მაუწყებლობის შესახებ და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნულ კანონპროექტებს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს.
საინიციარივო ჯგუფის წევრები არიან ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია და ელისო ჩაფიძე, რომელთაც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა 2010 წლის აგვისტოში დაიწყეს.