სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით უზრუნველყოფა-შევსების პროქტის განხორციელება დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, ახალი ლიტერატურით პირველ ეტაპზე რუსთავის №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკა განახლდა.
სასჯელაღსრულების სისტემის ბიბლიოთეკების განახლებასთან დაკავშირებით სამინისტროს ინიციატივას პირველი, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცხოვრების ახალი გზა" გამოეხმაურა. 4000-მდე წიგნი რუსთავის №2 დაწესებულების ბიბლიოთეკას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, მინისტრის მოადგილემ ლევან ზარანდიამ და აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელმა შუქრი ბურჭულაძემ გადასცეს.
პროექტის ფარგლებში სისტემაში არსებული ყველა ბიბლიოთეკა ეტაპობრივად განახლდება და წლის ბოლომდე 20 000 ახალი წიგნით გამდიდრდება. მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ თანამედროვე მწერლობის გარდა, ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების მაღალმხატვრულ ნაწარმოებებსა და სპეციფიკურ ლიტერატურასაც გაეცნონ.
"პროექტი ხელს შეუწყობს მსჯავრდებულების განათლების ამაღლებას, რაც მათი სწრაფი და ხარისხიანი რესოციალიზაციის ერთ-ერთი გარანტიაა", - განაცხადა მინისტრმა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, საზოგადებრივი ორგანიზაციები და კერძო პირები.