"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს.
როგორც გიგაური ამბობს, მის ორგანიზაციას ხმების პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია.
"პირველ რიგში, ძალიან სასაცილოა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ყველაფერი გიგაურის ბრალია. მეც მეგონა, რომ რაღაც მომენტში ჩვენ მოგვდგებოდნენ და ეს მართლა სასაცილოა.
მეორე, უნდა ითქვას, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" PVT არ ჩაუტარებია, ამიტომ სანამ, მოაწყობენ ბრიფინგებს, კარგი იქნებოდა რომ ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი. ჩვენ ვაკვირდებოდით 500 დამკვირვებლით, აქედან 450 უბანზე გვყავდა სტატიკური დამკვირვებლები და შესაბამისად, ეს დამკვირვებლები ჩვენ გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რა ხდებოდა ამ უბნებზე და რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ ამ 450 უბნიდან მონაცემები ოქმებთან დაკავშირებით და ეს ოქმები ემთხვევა იმ ოქმებს, რომელიც ატვირთულია ცესკოს საიტზე. ამიტომ, ჩვენ დასამალი არ გვაქვს რამე, არც ვმალავდით, არც ვაფერხებდით. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდოთ აბსოლუტურად ყველას, ვინც ამით დაინტერესდება”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანია, რაც გიგაურის თქმით, მიუღებელია.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ISFED-ის გარდა, ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც". კობახიძის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციასაც აქვს პარალელური დათვლის შედეგი, რომელსაც მალავს.